თეგი: საწვავის ფასი

რამდენიმე კვირაში, აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ბოლო კვირებში აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სარდინიის სხვადასხვა კუთხიდან ათობით სატვირთო მანქანის მძღოლმა გზატკეცილზე გაფიცვა მოაწყო, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მძღოლები საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ და მთავრობის დამატებით მხარდაჭერას მოითხოვდნენ. კუნძულ სარდინიაზე საქონელი ძირითადად საავტომობილო გზით შემოდის. საწვავის მაღალი ღირებულება მძიმედ აისახება სატვირთო მანქანების მძღოლების და სატვირთო სექტორის საქმიანობაზე. “ასეთი მაღალი ფასების გამო მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, საწვავის გარდა, სხვა ხარჯებიც იზრდება. მუშაობა უკვე შეუძლებელია”,- წუხს ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი. პორტუგალიაში გასულ კვირას დიზელის ფასი ლიტრზე 14 ცენტზე მეტით გაიზარდა, ბენზინი კი დაახლოებით რვა ცენტით გაძვირდა.  სატვირთო მანქანების მძღოლები ლისაბონში,  ერთ-ერთ ავტოსადგომზე,  შეიკრიბნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს. “ეს დასასრული კი არა დასაწყისია, პროტესტი დღეს დაიწყო და მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა ჩვენს პრობლემებს გამოეხმაურება და მოაგვარებს”, – მიიჩნევს სატვირთოს მძღოლი პორტუგალიიდან. გერმანიაში იგივე სიტუაციაა. გერმანიის საგზაო ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და მართვის ასოციაციაში ამბობენ, რომ  ფასების ზრდა  საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინდუსტრიას. ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, საწვავის და დიზელის ფასები იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა ვერ შეძლო ამ ხარჯების გადახდა, რამაც ისინი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენა. წერს "ევრონიუს ჯორჯია".

რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, სატრანსპორტო მოძრაობა გახსნან

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება თბილისში დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება. „თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტოკვანძის დაკეტვა. აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ

საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. „ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლევან დავითაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე

დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციისას მთავრობა ფასის დაზღვევის რა მექანიზმებზე იმუშავებს. როგორც მინისტრი განმარტავს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განხორციელდეს. „მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მიდის. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, არ დაირღვეს, ამას არ ჰქონდეს ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იმოქმედოს. გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით იმასაც მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე. გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შესაძლოა გვქონდეს. საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით", - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ

გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება. საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“.   მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი. რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“. ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“.  „ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.  მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“.   საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა. ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი 2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი: რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%. რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%;  ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%; აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%; თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%; საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%; ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%. როგორ ფორმირდება ფასი რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახა­დი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.) დამატებული ღირებულების გადასა­ხადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: საქართველო - $1,317 – 4 ლარი სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. „ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები.   „ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდება. დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში „კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის ეკონომიკის მინისტრი საწვავის გაძვირებას გარე ფაქტორებს უკავშირებს. მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, მსოფლიო ფასები საწვავზე ძალიან მაღალია. „გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი“ - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საწვავზე ფასის შემცირება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში შედგება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.  „ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საწვავის მცირე ქსელების მფლობელ კომპანიებს და დისტრიბუტორებს შეხვდნენ.

ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

მიმდინარე თვის ბოლოსთვის  საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე,  რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა,  საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის  შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის,  ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები,  რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს  ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით,  მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის  ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.